საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სისტემაში ხელისუფლების ყველა შტო - აღმასრულებელი, საკანონმდ...

Home » » მარგველაშვილი: რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ვალდებულად თვლის ხელისუფალი თავს, საზოგადოებას ანგარიში გაუწიოს

მარგველაშვილი: რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ვალდებულად თვლის ხელისუფალი თავს, საზოგადოებას ანგარიში გაუწიოს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სისტემაში ხელისუფლების ყველა შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ერთმანეთთან მიმართებაში დაბალანსებული უნდა იყოს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გამართა.
„თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს რეალური პრობლემაა. ხალხს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით, პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ხდება ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონცენტრაცია. 
თქვენ, ყველას გაქვთ უფლება და ვალდებულებაც, რომ თქვენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროთ, აუცილებლად არჩევნებზე წახვიდეთ და თქვენი აზრი გამოთქვათ და როდესაც კონსტიტუციონალისტები ამ უფლებას გვართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან რითი გახდება ჩვენი ცხოვრება უკეთესი, გარდა იმისა, რომ იმ არჩევნებზე დავჯდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 
გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ უფრო მეტი არჩევითი თანამდებობებია საჭირო. 
„რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ახლოს არის ხელისუფლება ხალხთან; მით უფრო ვალდებულად თვლის თავს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 
პრეზიდენტი "კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში, ჩასვლას და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიებს ყველა რეგიონში გეგმავს.