საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ...

Home » » პრეზიდენტი: როდესაც რაღაც უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა, რით იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი

პრეზიდენტი: როდესაც რაღაც უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა, რით იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის აღნიშნული კამპანია ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და თვითმმართველობის გაძლიერების, უმაღლესი განათლების შესაძლებლობის გაზრდის, სახელმწიფო მოწყობის მოდელების, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისა და საქართველოს მოქალაქეების ელემენტარული მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
მარგველაშვილის განცხადებით, დღეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე საქართველოს მოსახლეობა აკეთებს არჩევანს როგორ სურს ცხოვრება და გააჩნია ასევე, ამ არჩევანის განხორციელების ძალა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება პრეზიდენტის არჩევის უფლებით აღჭურვილია ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან და საზოგადოებას ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეს.
"ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე, როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი. ამ მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა რატომ მართმევ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტის შეკითხვაზე საპასუხოდ. 
მისი განცხადებით, როგორც მაღალი პოლიტიკური მანდატით აღჭურვილი პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ამ მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ითამაშოს დამაბალანსებლის როლი ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში. 
„მაღალი პოლიტიკური მანდატი პრეზიდენტს აძლევს დამაბალანსებელ ფუნქციას, უფლებას განაცხადოს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა. თუ პრეზიდენტს სამასი თუ ოთხასი კაცი აირჩევს, ესეთი მაღალი წონა არ ექნება ამ პრეზიდენტის პოზიციას და ფაქტიურად, პრეზიდენტი გაქრება ძალთა ბალანსიდან საერთოდ'', - განაცხადა პრეზიდენტმა.